1 2 3 4 5

საფეხბურთო კლუბი მარტვილის „მერანი“

 

  მარტვილის საფეხბურთო კლუბი „მერანი“, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რაიონში, მარტვილში,  ჭყონდიდის ეპარქიაში შეიქმნა, რომელიც ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭეშმარიტი მამულიშვილებითა და საფეხბურთო ტრადიციებით ძალიან მდიდარია.

 

 მარტვილის „მერანი“ 2006 წელს  მარტვილის მკვიდრმა ფრიდონ ინჯიამ დაარსა, კლუბის დაფუძნების დროს მას გვერდში ედგნენ: ემილი გალდავა, ნუგზარ მონიავა და კლუბის შექმნის საწყის ეტაპზე დაზმირ ვახანია.

 

 ფრიდონ ინჯია გახლავთ საერთაშორისო კავშირგაბმულობის აკადემიის წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი, ჩოხოსანი. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ის არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის სიყვარულით გამოხატავს კუთხის, რაიონისა და სამშობლოს ერთგულებას და სიყვარულს, არამედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც ქართულ ჩოხას პატივითა და სიამაყით ატარებს.

 

  ფრიდონ ინჯიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. 2006 წლიდან მოყოლებული, თავის შვილთან ილიასთან და სიძესთან კახი კოტრიკაძესთან ერთად, რომლებიც „მერანის“ ვიცე-პრეზიდენტები არიან, წლებია პატრონობს და ასე ვთქვათ სულს უდგამს  მარტვილის „მერანს“, რამაც საფეხბურთო კლუბს ძალა, ენერგია და დაუცხრომელი წინსვლის ჟინი შეჰმატა.

 

 დაარსების დღიდან ეტაპობრივად ვითარდებოდა „მერანი“ და მას შემდეგ რაც მარტვილის ცენტრალური სტადიონი გადავიდა ფრიდონ ინჯიას საკუთრებაში, კლუბის პრეზიდენტის ინიციატივით, დაფინანსებით და ბიძინა ივანიშილის ხელისუფლების მხარდაჭერით მოხდა მარტვილის ცენტრალური სტადიონის სრული განახლება, რეკონსტრუქცია და მას წარსულში ცნობილი, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, საბჭოთა კავშირის  ნაკრების კაპიტნისმარტვილელი მურთაზ ხურცილავას სახელი მიენიჭა, რომელიც ფრიდონ ინჯიასთვის და ზოგადად ყველა ქართველისთვის დიდად პატივსაცემი ადამიანია.

 

 2007 წლიდან კლუბის დირექტორი გახდა ადონის პაპადოპულოსი (ელდარ ბაკურია), ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელმაც საბერძნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბებში 10 წელი ითამაშა. მას დიდი წვლილი მიუძღვის საფეხბურთო კლუბ „მერანის“ ჩამოყალიბებაში და წარმატებაში.

 

 „მერანმა“ გუნდის პირველი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით 2007-2008 წლის პირველი ლიგის გათამაშებაშიდებიუტანტი კლუბის კვალობაზე ჩინებულად იასპარეზა და ისევე როგორც 2007-2008 წწ. 2009-2010 წლებშიც მე-3  ადგილი დაიკავა.

 

 2009-2010 წწ. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში, პირველად საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში, პირველი ლიგის გუნდი მარტვილის „მერანი“ საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა.

 

 2011 წელს კი, საფეხბურთო კლუბმა მარტვილის „მერანმა“ თავისი არსებობის მანძილზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. მოიპოვა რა უმაღლესი ლიგის საგზური და ქართული ფეხბურთის ძლიერ კლუბთა შორის მოხვდა.

 

 სამწუხაროდ კლუბმა  „მერანმა“ 2016 წელს უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში გადმოინაცვლა, თუმცა 2016 წელსვე ჩატარებულ გარდამავალ ჩემპიონატში „მერან“ პირველი ლიგიდან პროლიგა-2 ში აღზევდა. (ფეხბურთის ფედერაციის ახალი დებულებით, უმაღლეს ლიგას პროლიგა 1 ეწოდა,  პირველ ლიგას კი პროლიგა 2).

 

 2016 წელს, ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის თავკაცობით მარტვილის „მერანის“ გამოსვლა წარმატებული გამოდგა, როგორც გარდამავალ ჩემპიონატში, ასევე დავით ყიფიანის სახელობის თასზე. სადაც მარტვილის „მერანმა“, პირველად, კლუბის არსებობის პერიოდში ისტორიულ წარმატებას მიაღწია, მარტვილის გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა  და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

 

 დღეის მონაცემებით, „მერანი“  გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომლექტებული, კონკურენტუნარიანი, მებრძოლი გუნდია, რომელსაც ყველა პირობას უქმნის გუნდის ხელმძღვანელობა ბატონი ფრიდონ ინჯიას მეთაურობით, იმისთვის რომ კლუბი წარმატებული იყოს, რაც იძლევა გარანტიას, რომ 2017 წელს მარტვილის „მერანი“ მოიპოვებს პროლიგა 1-ში  (უმაღლესი ლიგა) ასპარეზობის უფლებას.                                                                



გათამაშების ცხრილი
რუსთავი 36 83
მერანი 36 80
სიონი 36 59
სამგურალი 36 53
გაგრა 36 53
ვიტ ჯორჯია 36 52
ცხინვალი 36 40
გურია 36 37
მეშახტე 36 27
ზუგდიდი 36 25