1 2 3 4 5

 

ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი მარტვილი 
ფართობი - 880,6 კმ2 

მოსახლეობა  - 56000 კაცი

მარტვილი ფართობით სამეგრელოს რეგიონში, ყველაზე დიდი რაიონია.

 

გეოგრაფიული მდებარეობა:
მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები.

მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩეგოლასა “ და "დვირის" მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.

მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული.

მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით. მსოფლიოში ცნობილია უნიკალური ღვინო "ოჯალეში", რომელიც სოფელ სალხინოში მოჰყავთ.

 

 

ისტორია:
  მარტვილი
მარტვილის უძველესი სახელწოდება არის "ჭყონდიდი", რომელიც კოლხური სიტყვაა და დიდ მუხას ნიშნავს (მეგრ. "ჭყონი" - მუხა, "ჭყონდიდი" - დიდი მუხა). გადმოცემა გვეუბნება, რომ იმ ადგილზე, სადაც დღეს მარტვილის ტაძარია აგებული, უზარმაზარი მუხის (ჭყონის) ხე მდგარა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ და დედისერთა ჩვილ ბავშვს სწირავდნენ კერპთთაყვანისმცემლები.  ხალხის რწმენით თვით ხეში მცხოვრები კერპი ითხოვდა ადამიანებისგან მსხვერპლს.ხალხური გადმოცემით სახელწოდება მარტვილი წარმოსდგა მეგრული სიტყვა მარყვიი-დან ( მე მოგკალი ). 


ჭყონდიდის კერპი (ხე) წმინდა ანდრია პირველწოდებულს მოუჭრია და იმ ადგილას ქრისტეს ჯვარი აღუმართავს. ქრისტიანობის გამარჯვების შემდეგ, მუხის ადგილზე ხის სენაკი ან ტაძარი ააგეს, რომლის ირგვლივ შემდეგ შეიქმნა მონასტრის მთელი კომპლექსი , რომელსაც მარტვილი ეწოდა (VII ს).

მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი  დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი  ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო  თუ საერო  ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა  და მისივე იდეებით, საქართველოს უბრწყინვალესი სიუზერენი დავით აღმაშენებელი. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა პირველი ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

 

მარტვილში სოფელ ინჩხურში დაიბადა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927 წლამდე.

 

სოფელ სალხინოში მდებარეობს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია.


„სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში“. წერდა გაზეთი „ივერია“ 1878 წელს.

 

ცნობილი მარტვილელები:

გიორგი ჭყონდიდელი  (საზოგადო მოღვაწე, დავით აღმაშენებლის ამღზრდელი), იოანე მინჩხი (სასულიერო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი), ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი (საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდის ეპისკოპოსი), ამბროსი ხელაია (კათალიკოს-პატრიარქი 1921-1927 წწ), სერგი დანელია (ფილოსოფოსი, პროფესორი), ვერიკო ანჯაფარიძე (მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი), აკაკი გაწერელია (მწერალი, პროფესორი), სერგი ჭილაია (ლიტერატურათმცოდნე, მწერალი), მედეა ჩახავა (მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი), გიორგი გეგეჭკორი (მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი), ფრიდონ ინჯია (საერთაშორისო კავშირგაბმულობის აკადემიის წევრისაქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრიპროფესორი, კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი, ჩოხოსანი, საფეხბურთო კლუბ მარტვილის "მერანის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი), მაგალი თოდუა (აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი, აკადემიკოსი), ნოშრევან ჯიშკარიანი (აღმოსავლეთმცოდნე, მეცნიერი, პოეტი), ნომადი ბართაია (მთარგმნელი, მეცნიერი), ზურაბ ანჯაფარიძე (მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი), ნოდარ წულეისკირი (მწერალი), კორნელი დანელია (ფილოლოგი, პროფესორი), რევაზ მიშველაძე (პუბლიცისტი, პროფესორი), სოსო სიგუა (კრიტიკოსი, პროფესორი), რამაზ გახოკიძე (მეცნიერი, ქიმიის კათედრის პროფესორი), გია კვაშილავა (მეცნიერი) დალი კოკაია-ფანჯიკიძე (მთარგმნელი, პროფესორი), იგორ კვესელავა (ისტორიკოსი, პროფესორი), თამაზ ბაძაღუა (პოეტი, დრამატურგი), რომან რურუა (ლეგენდარული მოჭიდავე), მურთაზ ხურცილავა (ლეგენდარული ფეხბურთელი,სპორტის დამსახურებული ოსტატი), დევიზ დარჯანია (ფეხბურთელი, სპორტის ოსტატი), ბადრი დანელია (ცნობილი ფეხბურთელი), გოგა გახოკიძე (ცნობილი ფეხბურთელი), გია გრიგალავა (ცნობილი ფეხბურთელი).

 

 



გათამაშების ცხრილი
მერანი 19 45
რუსთავი 19 42
გაგრა 19 36
სიონი 19 34
სამგურალი 18 28
ვიტ ჯორჯია 19 28
ცხინვალი 19 18
გურია 19 16
მეშახტე 19 13
ზუგდიდი 19 8