1 2 3 4 5
საბანაძის დუბლი და საფეხბურთო ზეიმი მარტვილში!

      სხვას ვერაფერს დავარქმევთ თუ არა საფეხბურთო ზეიმს, რაც დღეს "მ. ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ხდებოდა. "მერანის" ერთგული გულშემატკივარი მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა, "მერანის" ფეხბურთელებმა კი თავის ერთგულ ქომაგს ეს მხარდაჭერა დაუფასეს და საფეხბურთო სპექტაკლი აჩუქეს.

 

 ამ მატჩამდე ორივე გუნდს 14 ქულა ჰქონდა და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრის შედეგს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ექნებოდა ცხადი იყო.

 

 "საპოვნელამ" თავიდანვე არჩია მეორე ნომრად თამაში და სტუმრები განსაკუთრებული სიფრთხილით იცავდნენ თავს. პირველ ნახევარში ორი მომენტი იყო დასამახსოვრებელი, მე-6 წუთზე კიჭი მელიავას წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ჯიქიამ შეასრულა სახიფათოდ და საბანაძეს ცოტა დააკლდა ანგარიში გაეხსნა, ტაიმის მიწურულს კი მამალაძე-ორბელაძის შეუთანხმებელი თამაშით ოდიკაძემ ისარგებლა და ახლო მანძილიდან მართებდა გოლის გატანა, მაგრამ აღნიშნულ ეპიზოდში მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა"მერანელთა" კიპერი.

 

 აი, მეორე ნახევარში კი ერთგვარი შტურმი მოუწყო "მერანმა" მეტოქეს და არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ მეორე ტაიმში მარტო ერთი გუნდი უტევდა, რადგან ორი გატანილი გოლის გარდა, უამრავი რეალური სახიფათო ეპიზოდი შექმნეს მასპინძლებმა და რომ არა "საპოვნელას" მცველების თავგანწირული თამაში, უფრო დიდი ანგარიშიც შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო.

 

 ბადრი კვარაცხელიამ 46-ე წუთზე ივანე ხაბელაშვილი შემოიყვანა მოედანზე და "მერანის" რვიანმა აშკარად გამართლა მწვრთნელის მოლოდინი, ხაბელაშვილის შემოსვლის შემდეგ ფლანგიდან შეტევები უფრო მწვავე გახდა.

 

 47-ე წუთზე აკაკი წყაროზიას შორეული დარტყმის შემდეგ თუ გადარჩა "საპოვნელა", 52-ე წუთზე ვერაფერს გახდა სომხიშვილი. "მერანის" ნიგერიელმა ლეგიონერმა ბენჟამინ ტეიდმა შორიდან, უძლიერესად გაისროლა, სტუმართა კიპერმა ბურთი უკუაგდო, თუმცა იქვე საბანაძემ დაასწრო ყველას დამატებაზე და ანგარიში გახსნა 1-0.

 

 61-ე წუთზე კი მეორედ აიღეს მარტვილელებმა მეტოქე გუნდის კარი. ჯერ შეცვლაზე შემოსულმა ხაბელაშვილმა ითამაშა იდეალურად, როცა მეურვეს ცრუ მოძრაობით გაცდა და ნიკოლოზ საბანაძეს უპასა, საბანაძემ კი მოჭრილი, ზუსტი დარტყმით სომხიშვილის კარის ბადე შეარხია 2-0.

 

 70-ე წუთზე სტუმართაგან ჩიკვილაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ, მაგრამ მამალაძემ მუშტებით მოიგერია ბურთი კუთხურზე, საპასუხო იერიშის დროს საბანაძის დარტყმულმა ვერ მიაღწია მიზანს.

 

 75-ე წუთზე შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს მარტვილელებმა, კიჭი მელიავამ, რომელმაც მთელი მეორე ნახევარი შეტევაში გაატარა, ფლანგზე ჯიქიასთან გაითამაშა კედელი და საჯარიმოში ჩააწოდა, საბანაძე ჰეთრიკთან ახლოს იყო, თუმცა მცირე მანძილით ააცილა.

 

 მატჩის მიწურულს შეცვლაზე შემოსული ნოდარ კიკნაველიძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს გზავნიდა კარში ხაბელაშვილი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ გავიდა გოლი.

 

 საბოლოოდ, შეხვედრა მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით 2-0 დასრულდა. "მერანს" 17 ქულა დაუგროვდა და მე-14 ადგილზე აინაცვლა. ჩვენი გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას 15 აპრილს გამართავს, თბილისში "მ. მესხის" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე "ლოკომოტივის" წინააღმდეგ.

 

 მატჩის შემდგომ:
ბადრი კვარაცხელია ("მერანის" მთავარი მწვრთნელი) "დაძაბული თამაში იყო, პირველი ტაიმი გაგვიძლო მეტოქემ, მაგრამ მეორე ნახევარში უფრო მეტი სიმწვავით შევუტიეთ და ამან შედეგიც გამოიღო, "საპოვნელას" გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ დღეს ჩემმა გუნდმა მეტი იბრძოლა და დამსახურებულად მოვიგეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "მერანის" გულშემატკივრებს, რომლებმაც, ტრადიციულად სამაგალითოდ უქომაგეს დღესაც თავის საყვარელ გუნდს. "საპოვნელას" კი წარმატებებს ვუსურებ".

 

 მამუკა ხუნდაძე ("საპოვნელას" მთავარი მწვრთნელი) "ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ორივე გუნდს გამარჯვება ჭირდებოდა, პირველი ტაიმი ნორმალურად წარიმართა,თანაბარი თამაში იყო, უბრალოდ მეორე ნახევრის 10 წუთიანი მონაკვეთი ჩავაგდეთ და მერე იძულებული გავხდით სამ მცველზე გადავსულიყავით, თამაში რომ გადაგვერჩინა. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ.ვულოცავ მარტვილის "მერანს" გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ".

 

 ნიკა საბანაძე ("მერანის" თავდამსხმელი) : "დღევანდელ მატჩში ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იყო, მთელმა გუნდმა, მწვრთნელმა, ფეხბურთეელებმა ყველაფერი ჩავდეთ საამისოდ და კარგია, რომ დამსახურებული სამი ქულა ავიღეთ. რაც შეეხება ჩემს მიერ გატანილ გოლებს, რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. აქვე მინდა ავღნიშნო ჩვენი ქომაგების მხურვალე მხარდაჭერა, ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევენ მარტვილელი გულშემატკივრები და შევეცდებით მათი იმედები გავამართლოთ მომავალშიც."



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0