1 2 3 4 5
ბრძოლა, ჟინი და გამარჯვება: „მერანი“ VS „ნორჩი დინამო“ 2-0

  ოქროს სამი ქულა მოიპოვა „მერანმა“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების XXXIV ტურში. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, თუ დღევანდელი მატჩი მარტვილელებისთვის არასასურველი შედეგით დასრულდებოდა, „მერანი“ კიდევ უფრო გაირთულებდა საქმეს ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად. ზემოთ აღნიშნული სურათიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს აუცილებლად სჭირდებოდა დღეს გამარჯვება და „მერანის“ ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს „ნორჩი დინამოს“ წინააღმდეგ მატჩში ამ ამოცანის შესასრულებლად. „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე თითოეული „მერანელი“ გააფთრებით იბრძოდა დღეს და მათმა მონდომებამ, შრომამ და ჟინმა შესაბამისი შედეგი გამოიღო - „მერანმა“ დამაჯერებელი ანგარიშით 2-0 დაამარცხა მეტოქე!

 

 მეტოქე ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ საკმაოდ რთული მოწინააღმდეგე ჰყავდათ მარტვილელებს „ნორჩი დინამოს“ სახით, რომელსაც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ შერჩა..

 

 ბაგრატ ხელაიას გაწრთვნილმა გუნდმა პირველივე წუთებიდან შეუტია „ნორჩ დინამოს“ და მატჩის დებიუტშივე აგრძნობინა, რომ მარტვილში პირველ ნომრად „მერანი“ ითამაშებდა. საკმაოდ სახიფათო იყო სტუმრების კონტრ-იერიშებიც, მაგრამ დღეს კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა კახაბერ მეშველიანმა, რომელმაც არაერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.

 

 მიუხედავად, იმისა რომ სახიფათო მომენტები უხვად იქმნებოდა ორივე გუნდის კართან, პირველი ტაიმი უგოლოდ 0-0 დასრულდა. მეორე ნახევარი კი სულ ორი წუთის დაწყებული იყო, როცა შეცვლაზე შესულმა ვანო კურდღელაშვილმა სტანდარტულიდან დაჰკიდა „დინამოს“ საჯარიმოში ბურთი, იქ კი ყველაზე მაღლა ევგენი ზახარჩენკო ახტა და ზუსტი თავური დარტყმით შანსი არ დაუტოვა მიხეილ მუჯრიშვილს. ეს უკრაინელი მცველისთვის მეორე გოლი გამოდგა „მერანის“ მაისურით, რადგან ზახარჩენკომ წინა ტურში „სამგურალთან“ გაიტანა თავისი სადებიუტო გოლი.

 

 „მერანელებს“ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლოთ გამარჯვება, მაგრამ მასპინძლების მხრიდან შექმნილი სახიფათო ეპიზოდების საბოლოო დაგვირგვინება ვერ ხერხდებოდა. მეორე გოლი მაინც გაიტანეს მარტვილელებმა. შეხვედრის 90-ე წუთზე პაპუნა მოსემღვდლიშვილმა წამოიწყო სახიფათო იერიში, სადაც ჯერ ვანო კურდღელაშვილმა შემდეგ კი გუნდის კაპიტანმა - კიჭი მელიავამ ითამაშა ჩინებულად „დინამოს“ საჯარიმოში, მან მეურვისგან თავი ტექნიკური მოძრაობით გაინთავისუფლა და ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ცოტნე ფაცაციას დაუგორა ბურთი, უმცროსმა ფაცაციამ კი ზუსტი, მოჭრილი დარტყმით შეარხია მეტოქე გუნდის კარის ბადე - 2:0.

 

 ამ გამარჯვებით „მერანმა“ დიდი დიდი ნაბიჯი გადადგა დასახული მიზნისკენ, თუმცა სატურნირო ცხრილის ფსკერზე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა და კიდევ ორი ფინალის ტოლფასი მატჩის გამართვა მოუწევთ ჭყონდიდელებს ჩემპიონატის დასრულებამდე.

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0