1 2 3 4 5
„მერანი“ „სამგურალთან“ პირველად დამარცხდა

      არსებობის ისტორიაში, პირველად დამარცხდა მარტვილის „მერანი“ წყალტუბოს „სამგურალთან“. ამ მატჩამდე თორმეტი ოფიციალური თამაში გამართეს გუნდებმა და „მერანი“ დღემდე უდანაკარგო იყო..

 

 რაც შეეხება დღეს, ქუთაისში, „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრას, როგორც მოგეხსენებათ ორივე გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და დღევანდელი მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად თამაში უშეღავათო ორთაბრძოლებით წარიმართა და ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

 

 „მერანს“ შეხვედრის მე-2 წუთზე შეეძლო დაწინაურება, კიჭი მელიავას და ამეტ დუგუს წამოწყებული კარგი კომბინაციის გოლით დაგვირგვინებას დათა ციცხვაია შეეცადა, როცა „მერანის“ ფორვარდმა ერთი შეხებით დაარტყა თავისი ყოფილი გუნდის კარში, თუმცა კარის ძელმა იხსნა „სამგურალი“, შეტევა გაგრძელდა და საბოლოოდ დუგუმ დაარტყა, მაგრამ ამჯერად მეკარე დაუფლა ბურთს.

 

 ამ მომენტიდან სამ წუთში ნომინალურმა მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. „მერანის“ დაცვის ხაზის ჩავარდნით თენგიზ ბრეგვაძემ ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა - 1:0. ბრეგვაძემ პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთი ადრე კიდევ ერთხელ გაიტანა. წყალტუბოელმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად-2:0.


 ბევრად უფრო ორგანიზებულად და აქტიურად დაიწყო „მერანმა“ მეორე ნახევარი და მარტვილელებმა დროის გარკვეული მონაკვეთი საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს წყალტუბოელები. ამან შედეგი გამოიღო, რადგან 59-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ევგენი ზახარჩენკომ, ცოტნე ფაცაციას მიერ კარგად მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ყველას აჯობა მეორე სართულზე ბრძოლაში და თავური დარტყმით მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშის სხვაობა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ უკრაინელმა მცველმა თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა „მერანის“ მაისურით.

 

 დღეს, „მერანელებს“ თამაშის გადარჩენა შეეძლოთ და ამის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მასპინძელთა კიპერი ნონოსი. სახიფათო იყო „სამგურალის“ კონტრ-იერიშებიც, ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში გაგა ჩხეტიანი აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ და გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა ჩხეტიანმა.

 

 მატჩის ბოლო წუთები მიმდინარეობდა, როცა „მერანს“ ყველაზე რეალური მომენტი მიეცა წონასწორობის აღსადგენად. თუმცა ჯერ ამეტ დუგუს დარტყმული ბურთი მოიგერია ნონოსმა, შემდეგ კი კიდევ უფრო ახლო მანძილიდან გაანეიტრალა დათა ციცხვაიას მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი.

 

 საბოლოოდ, „მერანმა“ დასანანი მარცხი განიცადა და XXXIII ტურის შემდეგ, მე-8 პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში 33 ქულით. ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე 3 ტური დარჩა და მარტვილელებმა დარჩენილ ტურებში მაქსიმალურად კარგი შედეგი უნდა აჩვენონ, იმისთვის, რომ პლეი-ოფის გარეშე შეინარჩუნონ ადგილი ეროვნულ ლიგა 2-ში.

 

 ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 27 ნოემბერს მარტვილში გამართავს. „მერანის“ მეტოქე თბილისის „ნორჩი დინამო“ იქნება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0